ძალოსანთა მედლები და ლიცენზია
ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი, ამასთან ერთად კი - ერთი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ტალახაძე (+105), ვიცე-ჩემპიონი კი - ანასტასია გოტფრიდი (+75).
მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ფიორდეში ჯამში 463 კგ დააფიქსირა: ატაცში 212 კგ (ევროპის რეკორდი), აკვრაში კი - 251 კგ. რაც შეეხება ანასტასია გოტფრიდს, ორჭიდში 249 კგ-ის დაძლევა შეძლო და ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმ ხურშუდიანს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა. ამით ანასტასიამ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალთან ერთად, რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობაც გაინაღდა. ეს იმას ნიშნავს, რიოში საქართველოს 4 ძალოსანი გამოვა (3 სალიცენზიო ადგილი ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა შარშან ჰიუნსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა).
დღესვე ფიცარნაგზე 105 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძალოსანი ასპარეზობდა. საბოლოოდ, 18 წლის გიორგი ჩხეიძემ 381 კგ-ით მე-9 შდეგი აჩვენა, ალუდა მანაგაძემ კი 377 კგ-ით მე-11. რაც შეეხება 2015 წლის ევროპის ჩემპიონს, მძიმეწონოსან ირაკლი თურმანიძეს, ჯამში 410 კგ დააგროვა (190 - ატაცი, 220 - აკვრა) და მე-7 ადგილს დასჯერდა.