სწორება რიოსკენ

21 აპრილი 2016

როგორ წარსდგება საქართველო „რიო 2016"-ზე,  რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქართველი გულშემატკივრებისთვის, როგორ ემზადებიან ჩვენი სპორტსმენები... ამ და სხვა საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო "აიპრესს"ესაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი.

როგორ ემზადება ოლიმპიური კომიტეტი რიოს ზაფხულის ოლიმპიადისთვის? რა მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და რამდენად საკმარისია ბიუჯეტი ყველა საორგანიზაციო საკითხის მოსაგვარებლად?

  - ოლიმპიადამდე ბევრი არაფერი რჩება და, შესაბამისად, მზადების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის.  ამ პროცესში უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი მიმართულება: უპირველესად, ეს არის  ჩვენი ოლიმპიელებისთვის და მათი მწვრთნელებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, რათა ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში შეხვდნენ ოლიმპიურ შეჯიბრებებს. მეორე  და ასევე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ოლიმპიური დელეგაციის ფორმირება და აკრედიტაცია, შესაფერისი სპორტული და სააღლუმო სამოსით აღჭურვა,  გუნდის გამგზავრება,  ოლიმპიურ სოფელში განთავსება, სამედიცინო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და არაერთი სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური პრობლემის მოგვარება, რომელიც თან ახლავს ოლიმპიადისთვის მზადებისა და მონაწილეობის პროცესს. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის   და დიდი იმედი გვაქვს, ბოლომდე ასე გაგრძელდება.

რაც შეეხება ბიუჯეტს,  2016 წელს ჩვენს კომიტეტს უშუალოდ ოლიმპიური პროგრამებისთვის დაახლოებით ოთხ მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ შეუფერხებლად დაფინანსდეს მთელი ეს პროცესი.

როგორ წარადგენს საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ქვეყანას?

  - მოგეხსენებათ, ცერემონიალის სააღლუმო ნაწილი ოლიმპიური ქარტიით დადგენილი წესებით იმართება და  მონაწილე ქვეყნების ყოველგვარი „თვითშემოქმედება" იკრძალება.  ოლიმპიური შეჯიბრებების კალენდრის  გათვალისწინებით, ქართული დელეგაცია ბრაზილიაში ორ ეტაპად გაემგზავრება. ბუნებრივია, გახსნის ცერემონიალზე ის სპორტსმენები და მათი თანმხლები პირები გამოვლენ, რომლებიც პირველ ჯგუფში იქნებიან. გახსნის ცერემონიალი ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილია და მას თვალს მიადევნებს სამ მილიარდამდე ადამიანი. ჩვენი დელეგაცისთვის უკვე იკერება ორიგინალური სააღლუმო სამოსი, რომელშიც გათვალისწინებულია ეროვნულ-ტრადიციული ელემენტები. 

-  ვინ იზრუნებს ქართველი სპორტსმენებისთვის ახალი ფორმების შეკერვასა და მათ    დიზაინზე?

  - ჩვენი პირველი გადაწყვეტილება ის იყო, რომ სააღლუმო სამოსი აუცილებლად საქართველოში უნდა შეგვეკერა.  ამის შემდეგ შევხვდით რამდენიმე სამოდელო  კომპანიის წარმომადგენლებს, საბოლოო არჩევანი კი „სამოსელი პირველზე"  შევაჩერეთ. ამ კომპანიამ შემოგვთავაზა საინტერესო დიზაინი და

ზომიერი ფასი. რაც შეეხება სპორტულ ფორმას, ჯერ კიდევ შარშან შევუკვეთეთ ცნობილ იაპონურ კომპანიას -„მიზუნოს,"  რომელთანაც ჩვენი კომიტეტი ადრეც თანამშრომლობდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ  რიოში ქართული დელეგაცია ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.

- სად შეძლებენ ქართველი გულშემატკივრები ქართველი სპორტსმენების გულშემატკივრობას, მოეწყობა თუ არა დიდი ეკრანი სხვადასხვა ლოკაციაზე?

  - შეჯიბრებების ფინალური ნაწილი  და, მაშასადამე, ოლიმპიადის მთავარი ამბები, ბრაზილიასთან დროში შვიდსაათიანი სხვაობის გამო, გვიან ღამით დაიწყება.  გულშემატკივართა უმეტესობა, ალბათ, სახლში მიადევნებს თვალს თამაშების მიმდინარეობას, თუმცა ვგეგმავთ ჩვენი პარტნიორების  დახმარებით თბილისში,  ქუთაისში, ბათუმში,  ქობულეთში მოვაწყოთ, ასე ვთქვათ, ოლიმპიური ფან-კლუბები, სადაც დამონტაჟდება დიდი ტელეეკრანები, გაიმართება ბლიც-შეხვედრები ვეტერან ოლიმპიელებთან, ვიქტორინები შოუს ელემენტებით და სხვა სახალისო ღონისძიებები. აქ მოსულ ადამიანებს გააერთიანებს ერთი საერთო სლოგანი - „ვგულშემატკივრობ  საქართველოს!"

- კიდევ რას უნდა ელოდნენ გულშემატკივრები ოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიადისთვის?

  - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიასთან, პირველ რიგში _ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელმაც შეიძინა საქართველოში ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის ლიცენზია და ლამის 24-საათიან რეჟიმში  გააშუქებს ოლიმპიადას. ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივ ღონისძიებებს, რათა ხელი შევუწყოთ საზოგადოების  მობილიზებას,  სპორტის გულშემატკივართა გააქტიურებას. პირველი ასეთი ღონისძიება გაიმართება ექვს მაისს, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ. იქ შეიკრიბებიან ქართული სპორტის ხელმძღვანელები, სახელოვანი ოლიმპიელები, ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენები, გულშემატკივრები. ეს შენობა მთლიანად იფუთება ოლიმპიური თემატიკის ბანერებით, ასევე სიმბოლურად აინთება ოლიმპიური ცეცხლი უზარმაზარ ჩირაღდანზე, რომელიც რიო-2016-ის ოფიციალური ჩირაღდნის ერთგვარი იმიტაციაა.

როგორია თქვენი პროგნოზი, რა იმედებით ხართ, ოლიმპიადაზე რამდენად   წარმატებული იქნება ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა?

  - ბოლო პერიოდში დიდ შეჯიბრებებზე  ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი ვარაუდით,  ოლიმპიელთა ამ შემადგენლობას  აქვს იმის პოტენცია, რომ რიოში რვა-ათი მედალი მოიპოვოს. დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მეტი _ შვიდი მედალი ჩვენ 2012 წელს ლონდონში ავიღეთ, თუმცა ყველაზე მეტი - სამი ჩემპიონი პეკინში გვყავდა. ნებისმიერი სინჯის ოლიმპიური მედალი თავისთავად დიდი სპორტული წარმატებაა, მაგრამ ჩემპიონის ოქროს მედალს სულ სხვა ფასი აქვს. მომავალ ოლიმპიადაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება იქნება.  

 ძიუდოისტთა ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით წარსდგება და ალბათ ყველაზე დიდი მოლოდინი გულშემატკივარს მათგან აქვთ. მათ ასევე წარმატებებით გაგვანებივრეს, თუმცა ოლიმპიადაზე ასპარეზობა საკმაოდ რთული იქნება. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ შანსებს?

  - ბუნებრივია, რომ როცა მოსალოდნელ მედლებზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, სწორედ ძიუდოისტები გვახსენდება. ისინი სტაბილურად გამოდიან უმეტეს შეჯიბრებაში, მათს ძალას მთელი მსოფლიო აღიარებს და ძალიან კარგია, რომ რიოში ჩვენ ასეთი ძლიერი გუნდი გვეყოლება. მედლის მოპოვების შანსი თითოეულ ჩვენს ძიუდოისტს აქვს, დანარჩენს კი ყველანი ერთად ვნახავთ, უკვე - ოლიმპიურ ტატამზე.

- ოლიმპიადაზე ასევე წარსდგენიან ქართველი მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონები, რომლების მიმართაც გულშემატკივრებს დიდი მოლოდინები აქვთ. თუნდაც ჭიდაობა, ძალოსნობა... თუმცა, მათი მეტოქეები, სავარაუდოდ გაცილებით უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც სხვადასხვა შეჯიბრებაზე ხვდებოდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ,  შეძლებენ ჩვენი სპორტსმენები ქვეყანაში მედლით დაბრუნებას?

  - შარშან ოლიმპიურ სახეობებში ჩვენ მსოფლიოს ორი ჩემპიონი გვყავდა _ მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატზე ევროპის რეკორდით გაიმარჯვა. წარმატებას მიაღწიეს  ჩვენმა სხვა ოლიმპიელებმაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან რიოში საუკეთესო ადგილებისთვის იბრძოლონ, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე კონკურენცია გაცილებით მძაფრი იქნება. იქ ფსიქოლოგიური ფაქტორი არანაკლებ როლს თამაშობს, ვინემ წმინდა სპორტული მონაცემები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და თავიანთ შესაძლებლობებს მთლიანად გამოვლენენ.