რიოში - სრული გუნდით
ულან-ბატორში (მონღოლეთი) მიმდინარე „რიო 2016"-ის ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე ზურაბ იაკობაშვილმა (65 კგ) თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბოლო - მეექვსე ლიცენზია მოუტანა.
იაკობაშვილმა ფინალამდე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, სომეხი დავიდ საფარიანი (4-1) და ფრანგი იური სემაკნი (3-1) დაამარცხა. ნახევარფინალურ ბრძოლაში ბულგარელ ბორისლავ ნოვაჩკოვს 5-4 სძლია და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა. ფინალში მისი მეტოქე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ადამ ბატიროვი იქნება.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რიო დე ჟანეიროში სრული გუნდით - 6 სპორტსმენით იასპარეზებს. გთავაზობთ ლიცენზიანტთა სიას:
57კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65კგ - ზურაბ იაკობაშვილი
74კგ - იაკობ მაქარაშვილი
86კგ - სანდრო ამინაშვილი
97კგ - ელიზბარ ოდიკაძე
130კგ - გენო პეტრიაშვილი