ერთი ბრინჯაო და მეცამეტე ადგილი პარიზში
06 თებერვალი 2012
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ამ უქმეებზე დასრულებულ დიდი სლემის გათამაშებაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები 6 წონით კატეგორიაში წარსდგა და ოდენ ერთ ბრინჯაოს მედალს გამორჩა. კვარლცხბეკზე უმჩატესი წონის წარმომადგენელი ამირან პაპინაშვილი ავიდა, რომელმაც პარიზში გაშლილ ტატამზე ოთხი შეხვედრიდან სამში იმარჯვა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრი სამხრეთკორეელ მეტოქესთან დამარცხდა და რადგან დიდ სლემზე დამამშვიდებელი ასპარეზობები არ მოქმედებს უმალ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შალვა ქარდავამ (66კგ) მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში იტალიელ კიმონოისტთან დამარცხდა. პარიზში ქარდავამ მხოლოდ 24 ქულა მიიღო.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა (90კგ), რომელიც აქტიურ სპორტს თბილისის მსოფლიოს თასზე დაუბრუნდა პარიზში თავი ვერაფრით გამოიჩინა და სტარტზევე მონღოლ მეტოქესთან წააგო, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი პოლონელი და ყაზახი ძიუდოისტების ძლევის შემდეგ შეჯიბრებას მეოთხედფინალში კუბელთან მარცხით გამოეთიშა და ოდენ 60 ქულას გამორჩა. რაც შეეხებათ ლევან ჟორჟოლიანს (100კგ), ადამ ოქრუაშვილს (+100კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილს (+100კგ) მათაც თავის ვერაფრით დაგვამახსოვრეს.
ამრიგად პარიზის დიდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ერთი ბრინჯაოს მედლით და მეცამეტე გუნდური ადგილით დაასრულეს.
პეტერ ზაიზენბახერის შეგირდები 11-12 თებერვალს ობერვარტში (ავსტრია) დაგეგმილ მსოფლიო თასზე იასპარეზებენ და ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების მარაგის შევსებას იქ შეეცდებიან.






