საერთაშორისო კონკურსი სპორტი და ხელოვნება

10 თებერვალი 2012

2011 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი ,,სპორტი და ხელოვნება", რომელიც ლონდონის 2012 წლის XXX ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება. კონკურსის მთავარი მიზანია მსოფლიოში ოლიმპიური პრინციპების, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, ოლიმპიური ქარტიის იდეალების განმტკიცება.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ მიმართულებით ჩაატარა სხვადასხვა სახის საორგანიზაციო სამუშაოები და გამოაცხადა შიდა კონკურსი თითო-თითო საუკეთესო ფერწერა-გრაფიკული ნამუშევრისა და სკულპტურის გამოსავლენად.

სეოკ-ის მიერ გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმა და მოქანდაკეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და კომპეტენტური ჟიურის (8 კაცის შემადგენლობით) გადაწყვეტილებით სეოკ-ში წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესოდ შეფასდა მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერა ,,მოჭიდავეები" და ლევან ვარდოსანიძის კანდაკება ,,ოლიმპიური ჰიმნი", რომლებიც ლოზანაში სოკ-ის შტაბ-ბინაში გაიგზავნება მსოფლიო კონკურსში მონაწილეობისთვის.