მარიო პესკანტე თანამდებობიდან გადადგა

22 თებერვალი 2012

იტალიელი სპორტული ჩინოვნიკი მარიო პესკანტე, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო დღეს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მისი სახელი მრავალი წელია მჭიდროდ არის დაკავშირებული მსოფლიოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებასთან. იტალიური სპორტის ერთ-ერთმა მმართველმა გადადგომის შესახებ წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგს და მისი თხოვნაც სოკ-ის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.

პესკანტეს თქმით როგისადმი მიწერილ წერილში იგი თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად საუბრობს, თუმცა არ დაუმალავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას ამას წინათ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო მონტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ უბიძგა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლიდან რომის თვითნებურად გამოთიშვას უკავშირდება.

მარიო პესკანტე 20 წელიწადზე მეტი იტალიის ოლიმპიურ კომიტეტს თავკაცობდა. 1994 წლიდან იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია. 2001-2006 წლებში სილვიო ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში იგი ფაქტობრივად იტალიის სპორტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე საორგანიზაციო კომიტეტს კურატორობდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში კი თბილისსაც არაერთხელ სტუმრობრდა.