ლონდონის ოლიმპიადა იან ტორფის გარეშე ჩაივლის

19 მარტი 2012

რიგით XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში, რომელიც სტარტს 27 ივლისს აიღებს ლეგენდარული ავსტრალიელი მოცურავის, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის იან ტორფის გარეშე ჩაივლის.

ტორფმა, ვინაც ბრწყინვალე კარიერის დასრულების შესახებ დაახლოებით ხუთი წლის წინათ განაცხადა, შარშან თებერვალში გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ დიდ სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა.

ავსტრალიის ჩემპიონატში მან თავის ჯგუფში 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა საერთო ჯამში მხოლოდ 21-ე ადგილზე აღმოჩნდა და შესაბამისად ნახევარფინალს მიღმა დარჩა. მანამდე კი იმავე სტილით ცურვაში ფინალურ ეტაპზე გაღწევა ვერც 200 მეტრზე შესძლო. ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ტორფმა ეროვნულ ნაკრებში ადგილი ვერ მოიპოვა და შესაბამისად ლონდონის ოლიმპიადაზეც მისი მონაწილეობა გამოირიცხა.

ამჯერად ავსტრალიელ მოცურავეს ისღა დარჩენია საკუთარი ძალები და ის, რომ მაღალი მიღწევების სპორტში მისი ჩამოწერა ნაადრევია გაისად ბარსელონაში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე და გლაზგოში 2014 წლის კეთილი ნების თამაშებზე დაამტკიცოს.

„ გეგმებზე ჯერ არ მიფიქრია. ცოტას დავისვენებ და სამომავლო პერსპექტივებს სამწვრთნელო შტაბთან ერთად შევაჯერებ. ერთადერთი რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ ცურვიდან წასვლას არ ვაპირებ. როდესაც აქტიურ სპორტს დავუბრუნდი მთავარი მიზანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა იყო. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი, თუმცა სხვადასხვა შეჯიბრებებზე გამოსვლის სურვილი ჯერ არ დამიკარგავს" - განაცხადა 29 წლის ავსტრალიელმა მოცურავემ