ბელარუსისა და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს
20 მარტი 2012
ამ დღეებში ბელარუსის ეოკ-ის მიწვევით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია პირველი ვიცე-პრეზიდენტის რამაზ გოგლიძის თაოსნობით მინსკს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ მოინახულეს სპორტული ბაზები და ოლიმპიური დიდების მუზეუმი, სადაც საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვეს.
რამაზ გოგლიძეს მაღალ დონეზე შეაფასა ბელარუსი სპორტსმენებისთვის შექმნილი სავარჯიშო პირობები და მათი ასპარეზობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე. ნიშანდობლივია, რომ ბელარუსის ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, აღსანიშნავია ასევე ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა, რომელიც მსოფლიოს I ჩოგანია. ორ დღიანი ვიზიტის პერიოდში მოხდა ერთმანეთისადმი გამოცდილების გაზიარება და დაისახა სამომავლო გეგმები სხვადასხვა კუთხით. ,,ჩვენ შეგვწევს უნარი ერთმანეთს ვასწავლოთ და დავეხმაროთ" - განაცხადა რამაზ გოგლიძემ.
ვიზიტის მთავარი მიზანი ქართულ-ბელარუსულ მხარეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება გახლდათ, რომელსაც ხელი ბელარუსისა და საქართველოს ეოკ-ების პირველმა ვიცე-პრეზიდენტებმა იგორ ზაიჩკოვმა და რამაზ გოგლიძემ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მაღალი მიღწევების სპორტში ეფექტურ თანამშრომლობას, ურთიერთობას ,,სპორტი ყველასათვის" მიმართულებით, ქვეყნებს შორის ოლიმპიური მოძრაობის განმტკიცებას, სპორტსმენთა და მწვრთნელთა გაცვლით პროგრამებს, ბავშვთა სპორტის გაძლიერებას და ა.შ.






