ანა ტატიშვილის წარმატებული სტარტი
21 მარტი 2012
მაიამიში დაწყებულ პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის 5 მილიონი დოლარია ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ძირითადი ბადიდან ჩაერთო. მისი პირველი მეტოქე კლასიფიკაციაში 52-ე პოზიციაზე მყოფი ავსტრიელი ტამირა პაშეკი იყო. ტატიშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორეშიც 4:3 წინ იყო, როდესაც პაშეკმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. კარიერის მანძილზე ქართველი და ავსტრიელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ და სასიხარულოა, რომ გამარჯვება ტატიშვილს დარჩა. ამით მან შარშან ამავე ტურნირზე გამომუსავებული 50 სარეიტინგო ქულაც დაიცვა.
მომდევნო წრეში ტატიშვილს, რომელიც ამჟამად WTA-ს რეიტინგში 77-ე ადგილზეა გაცილებით ძლიერ მსოფლიოს 18-ე ჩოგანთან სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.






