ლონდონში ქორწინება აკრძალეს
29 მარტი 2012
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს, მწვრთნელებსა და ოფიციალურ პირებს, ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში ქორწინება აეკრძალათ.
ამგვარი სავიზო შეზღუდვა ადგილობრივმა კანონმდებლებმა იმის შიშით შემოიღეს, რომ აღნიშნულმა პირებმა ოლიმპიური თამაშებისას ქორწინება გაერთიანებულ სამეფოში წლობით დასარჩენად არ გამოიყენონ.
Daily Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, დიდი ბრიტანეთის ექვსთვიან ვიზას 20 ათასამდე სპორტსმენი, მწვრთნელი და ოფიციალური პირი მიიღებს, რომლებსაც მსგავსი შეზღუდვის თაობაზე უკვე ეცნობათ კიდეც. გარდა ქორწინებისა, შეზღუდვა დაწესდა ბრიტანეთში სამუშაო უფლების მიღებასთან დაკავშირებითაც. ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურმა 204 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ამის თაობაზეც უკვე გააფრთხილა.
მასშტაბური ღონისძიებებისას დიდ ბრიტანეთში უცხოელ სპორტსმენთა დარჩენის ფაქტები ადრეც ყოფილა. მაგალითად 2011 წელს მანჩესტერის აეროპორტიდან 16 კამერუნელი სპორტსმენი გაუჩინარდა, ხოლო 2002-ში ბრიტანეთის თანამეგობრობის გათამაშებიდან სიერა-ლიონეს მთელი, 30-კაციანი დელეგაცია "აორთქლდა".






