ბრიტანეთის საელჩომ ოლიმპიურ დელეგაციას უმასპინძლა
29 მარტი 2012

სულ რაღაც ოთხ თვეში ლონდონში სტარტს აიღებს საიუბილეო რიგით XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ბუნებრივია ნისლიან ალბიონზეც დიდი სამზადისია. რა თქმა უნდა უსაქმოდ არც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ნაკრებებს დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად საჭირო ყველა პროცედურის მარტივად გასავლელად.
ამასთან დაკავშირებით დღეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ქალბატონმა ჯუდით გოფმა, საელჩოს სავიზო განყოფილებაში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს - სეოკ-ის პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს, სპორტსისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა და ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „ოლიმპიური თამაშები უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა, სადაც გამარჯვება ნებისმიერი სპორტსმენისთვის საამაყოა.
მინდა ქართველ ათლეტებსაც ლონდონში წარმატებები ვუსურვო და ავღნიშნო, რომ ბრიტანეთის შემდეგ ოლიმპიადაზე თქვენი გულშემატკივარი ვიქნები. გუშინ ფეხბურთში დაგვამარცხეთ და ამ გამარჯვებასაც გულწრფელად გილოცავთ"- აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა შეხვედრისას.