ლიბერთი ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სპონსორობის მემორანდუმი გააფორმეს

30 მარტი 2012

დღეს ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ბანკი ოლიმპიური თამაშების მსვლელობის განმავლობაში უზრუნველყოფს ოლიმპიური ნაკრების სპონსორობას.

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მხარდასაჭერად ლიბერთი ბანკი უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ საანაბრე პროდუქტს შესთავაზებს.

„ანაბარი „ოლიმპიური ქომაგი - 2012" ჩვენ შევქმენით , რათა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების მხარდასაჭერად კლიენტებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ მეტი სარგებელი. აღნიშნული ანაბარი წარმოადგენს ლიბერთი ბანკის არსებული და უკვე პოპულარული პროდუქტის „პატრიოტი ქომაგის" სახეცვლილ ვარიანტს, რომელიც ევრობასკეტისა და რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ შეიქმნა. ჩვენ ვქომაგობთ ქართველ სპორტსმენებს ჩვენივე მომხმარებლების სახელით და მათთვის პრემიასაც დავაწესებთ. ჩვენი ვალია ერთად დავუფასოთ ქართველ ათლეტებს საერთაშორისო არენაზე გამარჯვებები" - არნიშნა ლადო გურგენიძემ.

„მივესალმებით ლიბერთი ბანკის ამ წამოწყებას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით მადლობას ვუხდი. მოსახლეობას კი მოვუწოდებ გახსნან ანაბარი „ოლიმპიური ქომაგი - 2012" და ამ სახით უქომაგონ ჩვენს სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე" - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.