ტერაქტმა სომალიში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იმსხვერპლა
05 აპრილი 2012
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ეროვნული თეატრი ააფეთქეს. აფეთქებისას დაიღუპნენ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები.
მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ჯერაც უცნობია, მაგრამ როგორც BBC იტყობინება, დაღუპულია შვიდი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
ირკვევა, რომ აფეთქებისას თეატრში არაერთი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა, რომელთა რაოდენობაც ასევე უცნობია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ დაღუპულთა შორის არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ადენ იაბარო ვიიში და სომალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საიდ მოჰამედ ნური.
წინასწარი მონაცემებით, ბომბი ააფეთქა თვითმკვლელმა ახალგაზრდა ქალმა ტერორისტმა, რომლის მიზანიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აბდიველი მოჰამედ ალის ამგვარი მეთოდით ლიკვიდაცია იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი დაჯგუფება არ იღებს.
ბოლო ხანებში სომალიში მომხდარი დიდი ტერქატების უმრავლესობა მიეწერება "ალ-შაბაბის" დაჯგუფებას. ამ ორგანიზაციის წევრებმა 14 მარტს პრეზიდენტის სასახლეც ააფეთქეს და იქვე პირობა დადეს, რომ ტერორისტული აქტების სერიას გააგრძელებდნენ.






