IOC-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებულ გუნდად გამოსვლა ბოლო წუთს გადაწყდა

18 თებერვალი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის (IOC) თომას ბახის თქმით, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებულ გუნდად გამოსვლაზე საბოლოო შეთანხმება თამაშების გახსნამდე ოთხი საათით ადრე შედგა. გარდა ამისა, ბახმა დასძინა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც გაერთიანებულ გუნდად გამოსვლის იდეამ პირველად გაიჟღერა, მის განსახორციელებლად მხარეებს შორის ოთხწლიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

როგორ ირკვევა, ოლიმპიადის გასხნის ცერემონიალის მიჯნაზე ჩრდილოეთ კორეა ახლოს იყო თამაშებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა, მაგრამ IOC-ის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრამ ჩრდილოელებს განზრახვაზე ხელი ააღებინა.

ჩრდილოეთკორეელი ათლეტების მონაწილეობისთვის 2014 წლიდან განსაკუთრებული მიდგომით, ბოლო წუთამდე ვმუშაობდით, - განაცხადა თომას ბახმა, - პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ გაერთიანებული გუნდით გამოსვლის გადაწყვეტილება გახსნის ცერემონიალამდე ოთხი საათით ადრე იქნა მიღებული. ასე რომ, გარკვეული წარმოდგენა უკვე გაქვთ იმაზე, თუ რა ხდებოდა სცენის მიღმა."

თომას ბახი დელეგაციათა აღლუმს „უდიდეს მომენტად" აღწერს. ისეთად, რომელიც მასში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს: „თქვენ ხედავთ ორი კორეის ათლეტებს, რომლებიც ისტორიას წერენ."

ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და IOC-ის სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელი, ამერიკელი ანჯელა რუჯიერო, ჰოკეიში კორეის გაერთიანებული გუნდისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.

როგორც IOC-ის პრეს-მდივანი მარკ ადამსი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით IOC-ის ადმინისტრაციულ დონეზე განხილვა არ მიმდინარეობს.