ვიქტორ სანეევი ლონდონის მეტროში
10 აპრილი 2012
ლონდონის ტრანსპორტის სამმართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ქალაქის მეტროს რუკა წარმოადგინა, სადაც თითოეული სადგური აღნიშნულია ლეგენდარული სპორტსმენების სახელებით, ხოლო ხაზები აღნიშნულია გარკვეული ოლიმპიური დისციპლინებით. ქართული სპორტის გულშემატკივართათვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ერთ-ერთ სადგურს სიგრძეზე ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს მეოცე საუკუნის სპორტსმენის ვიქტორ სანეევის სახელი ამშვენებს, რომელიც დატანილია შინდისფრად მონიშნულ ხაზზე, რომელიც თავის მხრივ მძლეოსნობისთვის განკუთვნილი არენებისკენ მიუყვება.
პროექტ "ოლიმპიური ლეგენდების" მიხედვით ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ლონდონის 361 მეტროს სადგურს უდიდეს სპორტსმენთა სახელები დაამშვენებს.
ასე მაგალითად, ყველა დროის საუკეთესო ოლიმპიელის ამერიკელი მოცურავის მაიკლ ფელპსის სახელი, რომლის საჩემპიონო ყუალაბშიც 14 ოლიმპიური ოქროს მედალია, დაერქვა თამაშების მთავარ სადგურს - სტრატფორდს. აქვეა ამერიკელი მოკრივეს რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის კასიუს კლეის, მოგვიანებით კი მუჰამედ ალის საპატივცემულოდ გადანათლული სადგურიც.
რუკის შემქმნელების განმარტებით, ყველა დროის უდიდეს ოლიმპიელთა შორის 361 სპორტსმენის სახელის შერჩევა არ იყო იოლი.
"ჩვენ გვიყვარს სპორტი, გვიყვარს აქ წარმოდგენილი სპორტსმენები და გვიყვარს ლონდონი. ასე რომ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი გამოწვევა, როდესაც მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენთა შორის აკეთებ არჩევანს.
იყო ცხარე კამათიც ვინ უნდა მოხვედრილიყო რჩეულთა ნუსხაში, იყო რამდენიმე ცვლილებაც. როგორც არ უნდა იყოს, შედეგით ყველა კმაყოფილი ვართ: გავითვალისწინეთ ათეულობით ქვეყანა და 2012 წლის თამაშების პროგრამაში შეტანილი დისციპლინები. მათ შორის არიან ალი და ფელპსი - ყველა დროის ორი უდიდესი ოლიმპიელი, რომლებიც სტრატფორდის გზაგამყოფიდან გაგვიძღვებიან თამაშებისკენ.
მართალია, რიგ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებები იყო, მაგრამ მიღწეულით მაინც კმაყოფილები ვართ", - ვითარებაში გვარკვევენ "ლეგენდების რუკის" დიზაინერები ალექს ტრიკეტი და დევიდ ბრუქსი.
ისიც ვთქვათ, რომ ტრიკეტი სპორტულ ჟურნალისტად და BBC-ის საერთაშორისო სპორტული ამბების რედაქტორად მუშაობდა, ხოლო ბრუქსი სპორტის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და წიგნის - "ყველა დროის მსოფლიო თასის" ავტორია.
თავში ვთქვით, რომ "ოლიმპიური ლეგენდების" რუკაზე ოლიმპიური ჩემპიონები არიან დატანილიო, მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისი მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ოლიმპიურ ოქრომდე არ გაუკვალავს გზა. მათ შორისაა იტალიელი მარათონელი დორანდო პიეტრი, რომელმაც 1908 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი მოიგო, მაგრამ მოგვიანებით დისკვალიფიკაცია მიესაჯა იმის გამო, რომ არაქათგამოცლილს ფინიშის ხაზის გადაკვეთაში ხელი შეაშველეს.
ის სპორტსმენები, რომლებსაც ხუთი ან ხუთზე მეტი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული, რუკაზე მათივე ვარსკვლავური კარიერისთვის ხაზგასასმელად ვარსკვლავებით არიან აღნიშნული.






