ქართველი ოლიმპიელების ბოლო სტარტი: იასონ აბრამაშვილის 28-ე ადგილი სლალომში
საქართველოს სპორტსმენებმა დაასრულეს გამოსვლა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. დღეს, 22 თებერვალს სლალომისტთა შეჯიბრებაში გამოვიდა ოთხგზის ოლიმპიელი იასონ აბრამაშვილი. სასტარტო განაცხადში შეყვანილი იყო 108 სპორტსმენი, პირველი ცდის შემდეგ კი დისტანციის დასრულება მხოლოდ 51-მა შეძლო. მათ შორის იყო აბრამაშვილიც, რომელმაც ურთულესი ტრასის გავლას 52,69 წამი მოანდომა და 35-ე ადგილი ერგო.
ხელმოცარულთა შორის აღმოჩნდა სპორტული სეზონის ლიდერი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი, რომელმაც 18 თებერვალს პიონჩანგში გიგანტური სლალომი მოიგო და სლალომშიც ფავორიტად ითვლებოდა. მან პირველივე დაშვებაში შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე ვერ მიაღწია. ლიდერთა სამეულში იყვნენ გიგანტურ სლალომში ვერცხლის მედალოსანი, ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენი (47,72), შვედი ანდრე მიურერი (47,93) და ფრანგი ვიქტორ ჟანდე (48,34).
საათნახევრიანი შესვენების შემდეგ დაიწყო მეორე, გადამწყვეტი ცდა. ამჯერად ფინიშის ხაზი ვერ გადაკვეთა 9 მონაწილემ, მათ შორის კრისტოფერსენმა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ანდრე მიურერი (ჯამური დრო - 1.38,99), ვერცხლის მედალი ერგო შვეიცარიელ რამონ ცენჰეურზერნს (1.39,33), ბრინჯაოსი - ავსტრიელ მიხაელ მატს (1.39,66).
იასონ აბრამაშვილმა მეორე დაშვებას ზუსტად 55 წამი მოანდომა, ორივე ცდას - 1.47, 69 წუთი და საბოლოოდ 28-ე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან 80 მეტოქე ჩამოიტოვა.
„გიგანტურ სლალომში უადგილოდ დავრჩი და ამჯერად უფრო ფრთხილი ვიყავი. 30 უძლიერესს შორის მოხვედრას ვგეგმავდი და მიზანს მივაღწიე კიდეც. ტრასა უაღრესად მძიმე და საშიში იყო - თავადაც ნახეთ, რამდენმა მოთხილამურემ, მათ შორის მედლების პრეტენდენტმა, დისტანცია ვერ დაასრულა. ასეთ დროს, მაქსიმალურად მობილიზებული თუ არ ხარ, მარცხი გარდუვალია. ჩვენი ოლიმპიელებიდან ბოლო გამოსვლა მე მომიწია და ეს ერთგვარად, დამატებითი პასუხისმგებლობა იყო. მიხარია, რომ საკმაოდ მაღალი ადგილი მერგო," - გვითხრა იასონ აბრამაშვილმა, რომელიც ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება.