ალექსანდრ კრუშელნიცკის ბრინჯაოს მედალი ოფიციალურად ჩამოერთვა, რუსეთმა კი 15-მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა

23 თებერვალი 2018

რუსმა ალექსანდრ კრუშელნიცკიმ, რომელმაც კერლინგში შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ანასტასია ბრიზგალოვასთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი დოპინ-ტესტზე ჩავარდა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით ოფიაციალურად ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC).

კრუშელნიცკიმ აკრძალული პრეპარატის მიღების ფაქტი აღიარა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) დღევანდელ მოსმენაში მონაწილეობაზე უარი თქვა. დაინტერესებულ მხარეთა გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმდა სასამართლო სხდომა. CAS-მა კრუშელნიცკი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნო, მისი შედეგი კი გააუქმა.

ბრიზგალოვა-კრუშელნიცკის წყვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლები IOC- გადაეცა, - ნათქვამია IOC-ის პრესრელიზში, - ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯის შედეგები არ გასაჩივრდება. შემდგომი გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების, რუსეთის კერლინგის ფედერაციისა და სპორტსმენთა მონაწილეობით ჩატარდება კომპლექსური სამუშაოები."

ასევე ცნობილია, რომ IOC თამაშების დასრულებამდე ბრინჯაოს მედლებს გადასცემს კრისტინ სკასლიენისა და მაგნუს ნედრეგოტენის ნორვეგიელთა წყვილს.

მომხდარის გამო რუსეთში ეჭვობენ, რომ შედეგები გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ბრინჯაოს მედლის დაკარგვა. ამ შემთხვევაში საუბარია ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე რუსეთის დელეგაციის ეროვნული დროშით დაშვება-არდაშვებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ნიკოლ ჰერვეცის ხელმძღვანელობით IOC-ის სპეციალური კომისია რუსეთის მხრიდან შესრულებულ პირობებზე მოხსენებას აღმასრულებელი საბჭოს 24 თებერვლის სხდომაზე წარადგენს.

ამასობაში, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა IOC-ს უკვე გადაუხადა ჯარიმა 15 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც IOC -ის აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, ანტიდოპინგური წესების სისტემატური დარღვევის გამო, რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ის წევრობა დროებით შეუჩერდა, ხოლო რუსეთის ნაკრებს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყნის სახელით და დროშით მონაწილეობა აეკრძალა.

რუსი სპორტსმენები პიონჩანგში ნეიტრალური ოლიმპიური დროშით გმოდიან, ხოლო მათ მოიხსენიებენ სახელით - „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან" (OAR).