მხარდაჭერა BP-სგან, თავდადება სპორტსმენთაგან

11 აპრილი 2012

სპორტის ქართველ გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ამას წინათ კომპანია BP-მ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც BP უზრუნველყოფს ჩვენი სპორსტმენებისა და საგანგებოდ შერჩეული რამდენიმე ათლეტის მხარდაჭერას ლონდონის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში.

10 აპრილს ზემოთაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში„ ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც მიწვეულნი იყვნენ ქართული სპორტის ხელმძღვანელები, მოქმედი და ვეტერანი ოლიმპიელები, მწვრთნელები, სხვადასხვა ეროვნულ ფედერაციათა პრეზიდენტები.

BP-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ნილ დანმა სტუმრებს მადლობა მოახსენა მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის დიდი სიამოვნებაა ქართველი ოლიმპიელების მხარდაჭერა. „ისინი საოცრად კარგი და გამორჩეული ადამიენი არიან"-თქვა მან.

ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ჯუდით გოფის თქმით BP ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში და ქართველს ათლეტებს მისი სახით შესანიშნავი სპონსორი ჰყავთ.

ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა თავისუფალ ჭიდაობაში დავით მარსაგიშვილმა, რომელიც ოლიმპიადაზე ჩვენი ერთ-ერთი იმედია და ამავდროულად BP-ს ელჩის სტატუსს ატარებს მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და დაფასებისთვის. „ლონდონში მაქსიმუმს გავიღებ და თავს არ დავზოგავ, რათა ჩემი ქვეყნისა და BP-ს სახელი ვასახელო"- აღნიშნა მან.

„ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიცხვი ამ დღეებში კიდევ გაიზრდება და მჯერა, რომ ლონდონში თავს არ შევირცხვენთ. აქვე დავამატებდი, რომ ერთი ლიცენზია პარაოლიმპიელმა სპორტსმენმაც აიღო. BP-ს და ბრიტანეთის საელჩოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ ჩვენს მიმართ"- განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.