პარაოლიმპიელებს პირველი ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს
12 აპრილი 2012
დღეს სეოკ-ის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შოთა ომარაშვილს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა მიულოცეს.
თებერვალში დუბაიში გამართული სალიცენზიო ტურნირზე შოთა ომარაშვილმა (60კგ) წოლჭილის სახეობაში იასპარეზა და 135 კილოგრამი ასწია, რაც სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა ქართულ მხარეს ამის შესახებ ოფიციალურად ორი დღის წინ აცნობეს.
პარაოლიმპიური თამაშები სტარტს ლონდონის ოლიმპიადის დასრულებიდან ორი კვირის თავზე აიღებს და როგორც თავად სპორტსმენი აცხადებს, მისთვის ეს შეჯიბრი კარიერის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და ეცდება პარაოლიმპიურ თამაშებზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს.
პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენების აქტიურობა. მისი თქმით, ისინი სხვა ადამიანებსაც აძლევენ სტიმულს და იმედს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, აქტიურ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიანიჭონ უპირატესობა.
აქვე დავძენთ, რომ ეს არ იქნება პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენის პირველი გამოსვლა. 2008 წელს პეკინში ძალოსნობაში იაგო გორგოძემ მიიღო მონაწილეობა.






