ენდი მარის ორი ლონდონური მიზანი

13 აპრილი 2012

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ვაჟთა შორის ენდი მარის მიმდინარე სეზონის უმთავრეს ამოცანად უიმბლდონზე და ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლა აქვს დასახული. ,,დაძაბული ზაფხული მელის. ჩემი უმთავრესი საფიქრალი უიმბლდონზე გამარჯვება და ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში ჩემპიონობაა. ტურნირებზე მაინც საკუთარი თავისთვის თამაშობ, მაგრამ როდესაც ასეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე შენს ქვეყანას წარმოადგენ რაღაც განსაკუთრებულია და საოცარი შეგრძნება გეუფლება"-ამბობს შოტლანდიელი ჩოგბურთელი.

2008 წელს პეკინში ენდი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, თუმცა ოლიმპიურმა თამაშებმამასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ,,სამწუხაროდ პეკინში წარმატებას ვერ მივაღწიე, თუმცა ის თამაშები ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა გარემოცვაში ვიმყოფებოდი. ოლიმპიურ სოფელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, ვუყურებდი მედლებს,რომლებიც სპორტსმენებმა თავიანთ ქვეყნებს მოუტანეს და გიჩნდებოდა სურვილი შენც ისეთივე ბედნიერად გეგრძნო თავი,როგორც მათ უხაროდათ"- აღნიშნა ენდი მარიმ.

,,დღეს ოლიმპიური ტურნირი ჩოგბურთში განსხვავებით 10-15 წლის წინანდელისგან ძალზედ პოპულარული გახდა, რადგან მასში თითქმის ყველა გამორჩეული ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ალბათ გემახსოვრებათ ჩოგბურთელთა ემოციებიც. ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობდა. როგორც წესი წაგება ნახევარფინალში საწყენია, თუმცა ოლიმპიადაზე კიდევ გეძლევა შანსი III ადგილისთვის იბრძოლო"-ამატებს შოტლანდიელი.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამჟამად რეიტინგში 85-ე პოზიციაზეა და ის კიდევ ინარჩუნებს შანსს ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვოს.