ქართველი მოკრივეების ბოლო შანსი ტრაბზონში

17 აპრილი 2012

თურქეთის ქალაქი ტრაბზონი კრივში „ლონდონი 2012"-ის ევროპის საკვალიფიკაციო ტურირს მასპინძლობს, რომელიც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია. აღსანიშნავია, რომ კრივში ოლიმპიური ლიცენზიები ძალზედ რთულად თამაშდება და საამისოდ მხოლოდ ორი შეჯიბრია გათვალისწინებული. ლონდონის საგზურთა ძირითადი ნაწილი შარშან ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განაწილდა, სადაც სამწუხაროდ რამაზ ფალიანის შეგირდებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

ტრაბზონში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე ჩვენს მოკრივეებს ურთულესი ბრძოლების გადალახვა მოუწევთ, რადგან კვოტები ძალზედ შეზღუდულია და ევროპაზე რვავე წონით კატეგორიაში გასათამაშებელი სულ 26 ლიცენზია დარჩა.

გუშინ საქმეში ზაალ კვაჭატაძე (69კგ), მიხეილ ბახტიძე (+91კგ) და ჯაბა ხოსიტაშვილი (75კგ) ჩაერთვნენ. პირველი ალბანელთან დამარცხდა, მეორე ლიტველს დაეჩაგვრინა, ხოლო მესამემ ასევე ლიტველ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და ხვალ ინგლისელთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

დღეს ტრაბზონის რინგზე სევერიან ჭილაძე (52კგ), მიხეილ კაზანჯიანი (48კგ), კობა ფხაკაძე (60კგ) და მერაბ თურქაძე (56კგ) გავლენ, რომლებიც შესაბამისად გერმანელ, პოლონელ, შვედ და ჩეხ მოკრივეებთან იჩხუბებენ.

ტრაბზონში იმყოფებიან ასევე სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პეტრე ცისკარიშვილი.