მოკრივეები ლიცენზიებს მიუახლოვდნენ
18 აპრილი 2012
ტრაბზონში გრძელდება მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირი, სადაც 44 ქვეყნის სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიური თამაშების 26 საგზურისთვის იბრძვიან. როგორც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა გვითხრა თავდაპირველად აქცენტი ორ ლიცენზიაზე კეთდებოდა, თუმცა მადა ჭამაში მოდისო და არ არის გამორიცხული საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სამობლოში სამი ლიცენზიით დაბრუნდეს.
რამაზ ფალიანის გაწრვთნილთაგან გუშინ რინგზე ოთხი მოკრივე გავიდა და აქედან სამმა გაიმარჯვა. კობა ფხაკაძემ (60კგ) შვედს სძლია, მერაბ თურქაძემ (56კგ) ჩეხი დაამარცხა, ხოლო სევერიან ჭილაძე (52კგ) გერმანელ კოლეგას ადვილად გაუსწორდა. ერთადერთი რინგი დამარცხებულმა მიხეილ კაზანჯიანმა (48კგ) დატოვა, რომელიც პოლონელ მოკრივესთან ვერაფერს გახდა.
რამდენიმე საათში ფხაკაძის, ჭილაძის, თურქაძისა და ხოსიტაშვილის მონაწილეობით მორიგ ბრძოლებს გამართავენ შესაბამისად ბელარუს, უნგრელ, რუმინელ და ინგლისელ მეტოქეებთან. თუ კობა ფხაკაძე და მერაბ თურქაძე დღესაც იყოჩაღებენ მაშინ ისინი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიას ოფიციალურად გაინაღდებენ.






