დევიდ ბექჰემის ოცნება ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის ნაკრების კაპიტნობაა
18 აპრილი 2012
„საფეხბურთო კარიერის მანძილზე ბევრი მინახავს, ამჟამად კი ვოცნებობ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებს ვუკაპიტნო. ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობა იქნება"- ეს სიტყვები დევიდ ბექჰემს ეკუთვნის, რომელიც მან ბრიტანულ გამოცემა „Mirror "-ს უთხრა.
შანსი იმისა, რომ „ლოს-ანჟელეს გალაქსის" ნახევარმცველმა ოცნება აისრულოს ნამდვილად არის. ამას წინათ დიდი ბრიტანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა გაფართოებული სია კიდევ უფრო შეკვეცა და ბექჰემი სეკვესტრს გადაურჩა. პირსის სიაში ასევე ფიგურირებენ ფრანგული „ლილის" ფორვარდი ჯო კოული, „ლივერპულის" თავდამსხმელი კრეიგ ბელამი, „ტოტენჰემის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი და „ჩელსის" მოთამაშე ჯოშ მაკიკრანი.
ოლიმპიური ტურნირი ფეხბურთში სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება.






