ძიუდოისტებმა შვიდივე ლიცენზიას თავი მოუკრეს

27 აპრილი 2012

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე სრული გუნდით წარსდგება. ავსტრიელი მწვრფთნელი პეტერ ზაიზენბახერის შეგირდებს ოლიმპიადის 6 ბილეთი დიდი ხნით ადრე ჰქონდა განაღდებული, ერთადერთი საჩოთიროდ საქმე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო, სადაც თავდაპირველად ლონდონის საგზურს შალვა ქარდავამ შეუტია, თუმცა მიზნის მიღწევაში ხშირმა ტრავმიანობამ შეუშალა ხელი და სალიცენზიო ნორმატივსაც გვარიანად დაშორდა. ამ წონაში ლიცენზიის მოპოვება თითქოს შეუძლებელი შეიქმნა, მაგრამ სალიცენზიო მარათონში წლეულს ჩართულმა ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილა მართლაც შეუძლებელი შესძლო და გუნდს ესოდენ ნანატრი საგზური მოუტანა.

შავდათუაშვილმა იანვრიდან მოყოლებული სხვადასხვა მსოფლიოს თასებზე იყოჩაღა და გუშინ რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადაზე წამსვლელი ვიზა ოფიციალურად გაიფორმა. საამისოდ მას ევროპირველობაზე მის უმთავრეს კონკურენტ ლატვიელი დენის კოზლოვზე ერთი წრით მეტი უნდა გაევლო. ჩვენებურს კენჭისყრაში არ გაუმართლა და სტარტზევე საკმაოდ ძლიერ სომეხ არმენ ნაზარიანს გადაეყარა.

შავდათუაშვილი იმდენად მოტივირებული იყო, რომ ნაზარიანსაც მოუგო და უკრაინელი სერგეი დრებოტიც მის გზას გაუყენა, კოზლოვმა კი მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და უკვე ნათელი გახდა, რომ ლიცენზია ლაშას დარჩებოდა. როგორც ავღნიშნეთ შავდათუაშვილის უმთავრესი ამოცანა ოლიმპიური ნორმატივის შესრულება იყო, თუმცა ჩელიაბინსკში იგი უფრო შორსაც წავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მართალია მეოთხედფინალში იგი რუს ალიმ გადანოვთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ესპანელი და ფრანგი მეტოქეების ძლევით ევროდებიუტი ბრინჯაოს მედლით დააგვირგვინა.

მესამე ადგილზე გავიდა ასევე ამირან პაპინაშვილიც (60კგ). მან სლოვენიელ, ებრაელ და ჰოლანდიელ მოწინააღმდეგეებს კი სძლია, მაგრამ შემდეგ თავად წააგო აზერბაიჯანელ ბესლან მუდრანოვთან. რეპეშაჟის ფინალში ამირანმა გამოცდილი ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი დაამარცხა. ქარდავამ და შუკვანმა ევროპაზე გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდება. ქართველთაგან ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური გავლენ.