ვარლამ ლიპარტელიანის ევროპული ოქრო

28 აპრილი 2012

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ძიუდოში საპრიზო ადგილებისთვის ერთმანეთს 90,100 და +100 კილოგრამ წონითი კატეგორიის კიმონოისტები ეცილებოდნენ. ჩვენებურთაგან ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი, ლომერ ჟორჟოლიანი,ირაკლი ცირეკიძე,ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი გავიდნენ.

გეცოდინებათ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ირაკლი ცირეკიძეს 3 თვიანი დისკვალიფიკაციის ვადა 19 აპრილს ამოეწურა და დიდ სპორტს პირდაპირ ევროპირველობაზე დაუბრუნდა.

ალბათ ესეც იყო მიზეზი,რომ ცირეკიძე ჩელიაბინკსში გაშლილ ტატამზე სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა და ოდენ ერთი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი მომავალ ჩემპიონ ებრაელ არიელ ზეევთან დამარცხდა.

სამაგიეროდ ჩინებულად იჭიდავა ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ), რომლისაც ლონდონის ოლიმპიადაზეც გვეიმედება.ლიპარტელიანმა ხუთი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტულსაც დამსახურებულად დაეუფლა.ესპანელი,ბრიტანელი, აზერბაიჯანელი და ფრანგი მეტოქეების ძლევის შემდეგ ვარლამმა გადამწყვეტი შეხვედრა რუს გრიგორი სულემინს მოუგო.

ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ლომერ ჟორჟოლიანს (100კგ), რომელმაც ფინალამდე პოლონელი,ბელორუსი და რუსი ძიუდოისტები დაამარცხა,იქ კი თავად წააგო ზემოთნახსენებ არიელ ზეევთან.

მედლის შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილსაც, თუმცა ბრინჯაოსთვის გამადწყვეტი ბრძოლა პოლონელ იანუს ვოზნარევიჩთან დათმო.

ამრიგად წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრება ერთი ოქროს,ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც ურიგო შედეგად არ უნდა ჩაითვალოს.