სოსო ჯაბიძის სალიცენზიო გასროლა
თავისუფლებისგან განსხვავებით, რომლებმაც შვიდივე წონაში ოლიმპიური ლიცენზია შედარებით იოლად მოიპოვეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ფიცხელი ბრძოლა უწევთ. აქამდე ბეგი დარჩიას შეგირდთა ანგარიშზე მხოლოდ ორი ლიცენზია იყო, რომლებიც მანიჩარ ცხადაიამ და ზურაბ დათუნაშვილმა გაინაღდეს, გუშინ კი ჩინეთის ქალაქ ტაიაუნში დასრულებულ ტურნირზე სოსო ჯაბიძე (96კგ) კლასიკოსთა გუნდის მესამე ლიცენზიანტი გახდა.
სოსო ჯაბიძემ ძირითად ბადეში გზიდან ყაზახი და ყირგიზი მეტოქეები ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულე შალვა გადაბაძესთან წააგო. ჯაბიძე დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც უზბეკ და ჩეხ ფალავნებს მოუგო და ბრინჯაოს მედალთან ერთად ოლიმპიური ნორმატივიც შეასრულა.
4-6 მაისს ჰელსინკში ჭიდაობაში ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართება და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი საგზურისთვის იბრძოლებს.






