ჰელსინკში დარჩენილი ოთხი ლიცენზიისთვის
02 მაისი 2012
დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ თუშიშვილმა და კლასიკოსმა სოსო ჯაბიძემ „ლონდონი 2012"-ის ლიცენზიანტთა დაფაზე ოფიციალური ხელმოწერა დააფიქსირეს.
ორივემ ოლიმპიადის დაგზური ორიოდე დღის წინათ ჩინეთის ქალაქ ტაუიანში გამართულ ტურნირზე მოიპოვეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გია ნაცვლიშვილმა მათ ეს წარმატება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ამით არ დაკმაყოფილდებიან, რადგან უმთავრესი ბრძოლები ინგლისის დედაქალაქში ელით.
„ ამ ეტაპზე ოლიმპიადის 24 საგზური გვაქვს, თუმცა ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომაც დავამზადეთ კიდევ ერთი დაფა ლიცენზიანტთათვის.
თუშიშვილი და ჯაბიძე ჩინეთში შესანიშნავად გაისარჯნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ლონდონის საგზურებს ვერ აიღებდნენ. მინდა მათ მივულოცო და თან მადლობაც გადავუხადო. თავისუფლებმა თავიანთი საქმე ჩინებულად შეასრულეს და ოლიმპიადაზე ყველა წონაში წარსდგებიან, იმედია არც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გაგვაწბილებენ"- აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირველად ქართული სპორტის ისტორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებზე სრული გუნდით გამოვლენ, რისთვისაც სპორტსმენებთან ერთად მადლობა ნაკრების მწვრთნელებსაც ეკუთვნით.
„ეს მართლაც აღსანიშნავი ფაქტია და მჯერა ზაზა თურმანიძის შეგირდები თავს არც ნისლიან ალბიონზე შეირცხვენენ. რაც შეეხებათ კლასიკოსებს მათ ბოლო ცდა ჰელსინკში ელით, სადაც ამაღამ მივემგზავრებით. ბეგი დარჩიას ოთხეულს ფინეთში უშეღავათო ბრძოლები ელით ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დარჩენილი 4 წონიდან მაქსიმუმი გამოვწუროთ"- თქვა კახა გეწაძემ.






