მაიკო გოგოლაძის 25-ე ლიცენზია
03 მაისი 2012
სოფიაში მიმდინარე ბულგარეთის ღია ჩემპიონატზე მძლეოსნობაში სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძემ საქართველოს გუნდს კიდევ ერთი - რიგით 25-ე ლიცენზია მოუტანა. ბულგარეთის დედაქალაქში ქართველმა მძლეოსანმა შესანიშნავად იასპარეზა - 6.67 მეტრზე გადახტა და ოქროს მედალთან ერთად ლონდონის საგზურიც გაინაღდა.
„მაიკო გოგოლაძემ ლონდონის ლიცენზია ნამდვილად დაიმსახურა. იგი სოფიაში ღირსეულად გამოიყურებოდა, რაც შედეგზეც აისახა. დარწმუნებული ვარ ეს სპორტის ამ ულამაზეს სახეობაში ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული ბოლო ლიცენზია არ იქნება და ლონდონში სხვა დისციპლინებშიც გვეყოლება წარმომადგენლები"- აღნიშნა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ახვლედიანმა.
ბულგარეთის ღია ჩემპიონატში ბედს 200 და 400 მეტრზე რბენაში ნიკა კარტანცევი და სიმაღლეზე მხტომელი ზურაბ გოგოჭურიც ცდიან.