თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით და 2 ოლიმპიური ლიცენზიით დაასრულა

22 სექტემბერი 2019

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი და ორი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს არაოლიმპიურ - 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძემ, რომელმაც წინა დღეს ფინალში გასვლით მედალი დაიბევა, გადამწყვეტ შეხვედრაშიც იყოჩაღა: 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს 6:1 აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა. ლომთაძემ ფინალამდე მოლდოვის, აშშ-ის და ინდოეთის წარმომადგენლები დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა ელიზბარ ოდიკაძის ასპარეზობაც. ოლიმპიურ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2018 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ოდიკაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრა ამერიკელ კაილი სნაიდერთან 0:5 დათმო, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრით ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა.

ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონობა, ამასთან ზედიზედ მესამედ იზეიმა და იმავდროულად ოლიმპიური ლიცენზია დაისაკუთრა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმაც, ხოლო არაოლიმპიურ 92 კილოგრამ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი მწითურმა.

ჩვენს მოჭიდავეებს დარჩენილ ოთხ წონაში (57, 65, 74, 86) ტოკიოს ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად დამატებით ორი სალიცენზიო ტურნირი ელოდებათ.

2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 85 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა და ამით შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა. 2018 წლის მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჭიდაობის ორივე სახეობის ჯამურ ცხრილში ქართველი ფალავნები მესამე ადგილზე არიან.

რამდენიმე დღით ადრე ნურსულთანში ასევე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც.