თომას ბახი ათლეტებს პოლიტიკური პროტესტის გამოხატვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

03 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები სპორტსმენთათვის გლობალური ასპარეზია და ის არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს.

IOC-ის პრეზიდენტმა თავის საახალწლო მიმართვაში ათლეტებს მოუწოდა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პატივი სცენ მოწინააღმდეგეს და თავი შეიკავონ პოლიტიკური გამოხტომებისგან.

„სამყაროს გასაერთიანებლად ჩვენი მისიის შესრულებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ოლიმპიური თამაშები ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე მაღლა იდგება. ოლიმპიური თამაშები ათლეტებისთვის ყოველთვის იყო სპორტული ასპარეზობის გლობალური პლატფორმა. ის არ არის და არ უნდა იყოს პოლიტიკური თუ სხვა მიზნების გასახმოვანებელი ასპარეზი. ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით სპორტის მზარდ პოლიტიზაციას, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია სამყაროს გასაერთიანებლად ჩვენი მისიის შესრულება. როგორც ისტორია გვაჩვენებს, სპორტის პოლიტიზაცია არანაირ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს არსებულ განსხვავებას. სწორედ ამიტომ მუდმივ დიალოგს ვაწარმოებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ვუზრუნველყოთ ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი", - თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა თომას ბახმა.