ელგუჯა ბერიშვილი

დაიბადა 1952 წლის 22 დეკემბერს. მარტვილის რაიონი, სალხინო. ღირსების ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პიერ დე კუბერტენის მედლის და სეოკ-ის მედლის კავალერი, მიხეილ კაკაბაძის პრემიის ლაურეატი, მარტვილის საპატიო მოქალაქე.
1977 წელს ფრიადზე დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ასევე ამ ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სპორტული ჟურნალისტიკის განხრით (მიღებული აქვს N1 დიპლომი), 1978 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჟურნალისტიკის ფაკულტეტი).
1978 წლიდან სპორტულ ჟურნალისტიკაშია. 1978-2011 წლებში მუშაობდა გაზეთების - „ლელოს" (განყოფილების გამგე), „საქართველოს რესპუბლიკის," „რესპუბლიკის" (სპორტული მიმომხილველი), „სარბიელის"(რედაქტორის მოადგილე) რედაქციებში, რადიო „თავისუფლებაში"(სპორტული მიმომხილველი).
როგორც დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (1989) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (1990) დამფუძნებელ ყრილობებში.
1992 წელს გამოსცა ჟურნალი „ჩემპიონი," 2005-2019 წლებში რედაქტორობდა ორენოვან ჟურნალს -„ქართული სპორტი."
1991-2012 წლებში იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი (მისი წარდგინებით, 1992 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გახდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის წევრი), 1996 წლიდან - სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) კოორდინატორი. 1997 წელს აირჩიეს AIPS-ის ევროპის კომისიის წევრად. დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა AIPS-ის 15 კონგრესში.
1992-2012 წლებში სპორტულ ჟურნალისტად აკრედიტებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 8 ოლიმპიურ თამაშებზე (მათ შორის - საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პრეს-ატაშეს რანგში).
1999 წელს თავმჯდომარეობდა სარეფერენდუმო კომიტეტს, რომელმაც გამოავლინა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები. მისი ორგანიზებით, 1999 წლის 19 ოქტომბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ამ რეფერენდუმის ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი-ვიცე-პრეზიდენტი.
იყო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი პირველ ევროპულ თამაშებზე (2015, ბაქო), ზაფხულის XXXI (2016, რიო დე ჟანეირო) და XXXII ოლიმპიურ თამაშებზე (2021, ტოკიო).
ელგუჯა ბერიშვილი არის ავტორი, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი წიგნებისა და ალბომებისა:
დიდი ბურთაობა. 2001 წელი. 116 გვ. (მეორე გამოცემა - 2019 წელი).
ვიქტორი. 2005 წელი . 108. გვ.
სპორტის ენციკლოპედია. 2006 წელი. 702 გვ.
ფალავანთფალავანი. 2006 წელი. 264 გვ.
ქართული სპორტის ფოტოისტორია - 2008 წელი. 264 გვ.
გივი კარტოზია. 2011 წელი. 64 გვ.
რომან რურუა. 2011 წელი . 64 გვ.
ზურაბ ზვიადაური. 2012 წელი. 64 გვ.
33-წიგნიანი სერია ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე. 2012 წელი. 2145 გვ.
ქართული სპორტის ოქროს წიგნი. 2013 წელი. 375 გვ.
ოლიმპიური საქართველო. 2014 წელი. 116 გვ.
სპრინტის მეფე. 2014 წელი . 72 გვ.
ქართველები რიოში. 2016 წელი. 136 გვ.
დიდი ჩემპიონი. 2016 წელი. 120 გვ.
ქართველები ტოკიოში. 2021 წელი. 132 გვ.
ოლიმპიური ორტომეული. 2019 წელი. პირველი ტომი: 286 გვ.მეორე ტომი: 290 გვ.
ორტომეული - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. 2022 წელი. პირველი ტომი; 323 გვ. მეორე ტომი: 318 გვ.
ელგუჯა ბერიშვილის რედაქტორობით გამოიცა ნოდარ გუგუშვილის მიერ შედგენილი „ოლიმპიური ენციკლოპედია" (1997 წელი. 274 გვ.), ირაკლი ლომოურის „მოგზაურობა ოლიმპეთში" (2014 წელი . 192 გვ.), თამარ ბალავაძის „ჭიდაობის პროფესორი" (2017 წელი. 295 გვ.).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცემები:
1. სპორტის ენციკლოპედია
ამ ფორმის, შინაარსისა და მოცულობის პირველი ქართული აკადემიური გამოცემა. 700-გვერდიანი, უხვად ილუსტრირებული წიგნი აერთიანებს 2500-მდე სტატიას, 500-მდე ცხრილს, 4000-მდე ფოტოს და სხვა ვიზუალურ მასალას მსოფლიოს და ქართულ სპორტზე, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ექსტრემალურ სახეობებზე, მათი წარმოშობა-განვითარების ისტორიაზე, ოლიმპიურ თამაშებზე და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე, წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე, სპორტულ ორგანიზაციებზე და კლუბებზე. წიგნში განმარტებულია მთავარი სპორტული ტერმინები, სისტემატიზებულია ძირითადი სპორტული ლექსიკონი, შეჯიბრების წესები და სხვ.
2. ქართული სპორტის ფოტოისტორია
წიგნი ასახავს ქართული სპორტის უმნიშვნელოვანეს ამბებს და მოვლენებს, მთავარ გმირებს და გამარჯვებებს. კრებულში შესული უძველესი ფოტოები 1870-იანი წლებით თარიღდება, უახლესი, ექსკლუზიური ფოტოები კი წიგნზე მუშაობისას არის გადაღებული. საუკეთესო ქართველი და უცხოელი ავტორების უნიკალურ და ისტორიულ ფოტოებს თან ახლავს ქართულ-ინგლისური ტექსტები, რომლებიც მოგვითხრობენ სპორტის ცალკეულ, მათ შორის - ეროვნულ სახეობებზე, ჩვენი სპორტის გამოჩენილ პერსონებზე, მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებზე. ეს მასალები 12 ბლოკად არის წარმოდგენილი.
3. 33-წიგნიანი სერია ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ელგუჯა ბერიშვილის რედაქტორობით და ცნობილი ავტორების მონაწილეობით გამოიცა თითო ილუსტრირებული წიგნი თითოეულ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონზე. ამ წიგნებში ოსტატურად არის მოთხრობილი სრულიად განსხვავებული ისტორიები, მაგრამ თითოეულ ამ ისტორიას, თითოეული ჩემპიონის ბიოგრაფიას აერთიანებს ის საერთო ამბავი, რომ დიდი გამარჯვება მხოლოდ დიდი შრომით და თავდადებით მიიღწევა.
4. ქართული სპორტის ოქროს წიგნი.
ეს არის ერთ-ერთი ტომი წიგნების სერიისა - „საქართველო - ჩვენი ფასეულობები," რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მოგვიანებით გამოიცა ამ წიგნის ინგლისური ვერსია. ერთ კრებულში გაერთიანდა ყველა მეტ-ნაკლებად ფასეული ინფორმაცია და ფოტომასალა ქართული სპორტის წარსულსა და აწმყოზე, მის მთავარ გმირებზე და მოვლენებზე. ქართული სპორტის ოქროს წიგნი - ეს არის იმ ამბების და წარმატებების კრებული, რომლებიც მართლაც ოქროს ასოებით არის შესული ჩვენი სპორტის ისტორიაში.
5. ოლიმპიური ორტომეული
ენციკლოპედიური გამოცემა აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და საფუძვლიან მიმოხილვას ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე, გამოჩენილ ოლიმპიურ მოღვაწეებზე და დიდ ოლიმპიელებზე. ასახულია ქართველ სპორტსმენთა ყველა შედეგი ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ახალგაზრდულ და კონტინენტურ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. აღსანიშნავია გამოცემის ორიგინალური დიზაინი და პოლიგრაფია, ვიზუალური მასალის სიუხვე (3 ათასზე მეტი ფოტო და ცხრილი). ფოტოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბეჭდა პირველად, რაც ამ გამოცემის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
6. ორტომეული - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები
გამოიცა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა დებიუტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს არის 2011 წელს გამოცემული 33-წიგნიანი სერიის გადამუშავებული, ახალი ნარკვევებით შევსებული და ორ ტომად შეკრული კრებული ჩვენს დიდ ჩემპიონებზე, რომლებმაც გაიმარჯვეს 1952-2020 წლების ოლიმპიურ თამაშებზე. მოწვეულ ავტორთა შორის არიან ცნობლი სპორტული ჟურნალისტები და მწერლები. ისინი საინტერესოდ მოგვითხრობენ ჩვენი ჩემპიონების სპორტულ თავგადასავალზე, ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე გავლილ რთულ გზაზე.