საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ოთხი ძალოსნით წარდგება

12 ივნისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით წარსდგება, რაც თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან მიღებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ. თავის მხრივ,  დადგენილი წესის მიხედვით, სეოკ-ში ამ დღეებში უნდა მოვიდეს შესაბამისი ოფიციალური დადასტურება.

მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ტოკიოს ფიცარნაგზე გამოსვლის უფლება აქამდეც განაღდებული ჰქონდათ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონს და მსოფლიოს რეკორდების მფლობელს ლაშა ტალახაძეს (+109 კგ), ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს ანტონ პლესნოის (96 კგ), ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს შოთა მიშველიძეს (61 კგ). ამ სამეულს შეუერთდება ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გოგა ჩხეიძე  (67 კგ).