მარგველაშვილმა თელ ავივის გრან სლემი მოიგო, ნადირაძემ - ბრინჯაოს მედალი

16 თებერვალი 2023

თელ ავივის გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა 66 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც ვაჟა მარგველაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა, ლაშა ნადირაძემ - ბრინჯაოს მედალი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა მარგველაშვილმა პირველივე წრეში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იტალიელი ფაბიო ბასილე ოქროს ქულით დაამარცხა. შემდეგ მოუგო გერმანელ, ბულგარელ და ესპანელ მოწინააღმდეგეებსაც, ფინალში კი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს ოქროს ქულით გაუმკლავდა.

ლაშა ნადირაძე პირველივე წრიდან ჩაება ასპარეზობაში. დაამარცხა გერმანელი, კოლუმბიელი და ისრაელელი მეტოქეები, მაგრამ ნახევარფინალში წააგო აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან, ვისაც მარგველაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მოუგო.

ნადირაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელელ ტალ ფლიკერს ვაზარით მოუგო და მესამე ადგილზე გავიდა.