ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
29 ივლისი 2012
საქართველოს პირველი ოქროს მედალი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში 31 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი იუკოთი დაამარცხა.
შავდათუაშვილი ფინალშიც აქტიუობდა, მოწინააღმდეგეს ჯერ იუკო აართვა, შემდეგ კი გაფრთხილება მიაღებინა და მართალია იპონით ვერა, მაგრამ დამსახურებულად და ღირსეულად დაამარცხა.
"ჩემს გრძნობებსებს ახლა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, უზომოდ ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას ვინც ამ წარმატებაში დამეხმარა," - განუცხადა Prime Time News-ის კორესპონდენტს ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ლაშა
შავდათუაშვილი 1/16 ფინალურ ეტაპზე წუთსა და 39 წამში ჩილელი მოწინააღმდეგე ალეხანდრო ზუნიგი დაამარცხა, მერვედფინალში დამატებით დროში გამოცდილი ფრანგი დავით ლაკროსი, მეოთხედფინალში მასპინძელი კოლინ ოუთსი და ნახევარფინალში იაპონელი, მსოფლიოს ჩემპიონი მასაში ებინუმა.
შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში კიდევ ხუთი ძიუდოისტი გავა ლონდონურ ტატამზე.






