დღეს ნაადრევად დავასრულეთ

30 ივლისი 2012

გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ დღეს ძიუდოში ასპარეზობა ჩვენთვის ნაადრევად დასრულდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე სტარტზე საკმაოდ ძლიერე კორეელი კი-ჩუნ ვანგი იყო. ქართველმა მთავარ ფავორიტს მედგარი წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ სამწუხაროდ იუკოთი დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.

ჩოგბურთში ანა ტატიშვილმა ერთეულთა თანრიგში ლიხტენშეინელ ვონგს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში დაამარცხა. მომდევნო წრეში ანა რუს ნადეჟდა პეტროვასა და ჩინელ ჩენგს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება წყვილებს აქ ქართული დუეტი სლოვენიურ წყვილს (სრებოტნიკი, კლეპაჩი) რამდენიმე საათში დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ერანი-ვინჩის იტალიურ დუეტს შეხვდებიან.

გუშინ საღამოს „ქართულ სახლში" ოფიციალური მიღება გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმა ლაშა შავდათუაშვილს ჩემპიონობა მიულოცეს და ჩვენს სპორტსმენებს თამაშებზე წარმატებები უსურვეს.