უდიდესი იმედგაცრუება
01 აგვისტო 2012
ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. 90 კილოგრამამდე წონაში პირველი ბრძოლა გაფრთხილებების ხარჯზე კამერუნელ დიუდონ დოლასემს მოუგო, მეორეში კი ასევე არცთუ ცნობილ ავსტრალიელ მარკ ენტონისთან წააგო.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ლიპარტელიანი ენტონისთან მეტად აქტიურობდა და იუკოთი დაწინაურდა, მერეც გამუდმებით ცდილობდა შედეგიანი გდების გაკეთებას, მაგრამ ერთ ეპიზოდში მოწინააღმდეგის კონტრილეთზე წამოეგო და ვაზარზე დაეცა. დარჩენილ დროში ლიპარტელიანმა მეტოქის შევიწროვება გააგრძელა და კიდევ ერთი იუკო აუღო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
სადღეისოდ ოლიმპიურ ტატამზე გასული ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა გაიარა ერთზე მეტი მოწინააღმდეგე, დანარჩენი ოთხიდან კი სამი მეორე რაუნდში დამარცხდა (ბეთქილ შუკვანი - 60 კგ, ავთანდილ ჭრიკიშვილი - 81 კგ და ვარლამ ლიპარტელიანი - 90 კგ), ერთი კი პირველივეში (ნუგზარ ტატალაშვილი - 73).
2 აგვისტოს 100 კილოგრამამდე წონაში ლომერ ჟორჟოლიანი გამოვა, ხოლო 3 აგვისტოს მძიმე წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი დაასრულებს.






