გიორგი თოხაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხვიჩა ანანიძემ - ბრინჯაოს მედალი

29 ოქტომბერი 2023

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდა. აჟღერდა საქართველოს ჰიმნიც -გიორგი თოხაძემ (55 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 23-წლამდელებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ჩემპიონატში მერვედფინალიდან ჩაება. 8-0 მოუგო რუმინელ მოწინააღმდეგეს, 11-2 გაუმკლავდა ყირგიზ მეტოქეს. ნახევარფინალში 10-0 გაიმარჯვა აზერბაიჯანელ ფარიდ სადიხლისთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ყაზახ ისკარ კურბაიევს 9-0 მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.

ასევე შედეგიანი ასპარეზობა ჰქონდა ხვიჩა ანანიძეს (77 კგ). ქართველმა ფალავანმა, რომელიც ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლისთან წაგებით რეპეშაჟზე გადაერთო, გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი ატილა ტოესმაგი 3-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა რომეო ბერიძეს (60 კგ) - ფინალში გასულმა წააგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ანვარ ალახიაროვთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ჩემპიონატს სხვადასხვა ეტაპზე გამოეთიშნენ გიორგი შოთაძე (63 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).