სამთო-მოთხილამურეებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სლალომში იასპარეზეს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელთა ასპარეზობები გრძელდება. მეოთხე საშეჯიბრო დღეს სლალომში საასპარეზოდ სტარტზე გავიდნენ ვაჟი მოთხილამურეები იასონ ვეზდენი, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი და გიორგი ჯაფარიძე.
ჩვენი გუნდიდან ბაკურიანის სათხილამურო ტრასაზე ყველაზე უკეთ იასპარეზა ირაკლი ხერგიანმა, რომელმაც პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 50.53 წამში გადაკვეთა და 37-ე შედეგი ჰქონდა, მეორე ცდაზე კი 51.38 წამით 29-ე ადგილი ერგო. უკეთესი ადგილი ერგო ორივე დაშვების შედეგად - 26-ე.
ყველაზე ტექნიკურ დისციპლინაში შედარებით იასპარეზა გოგა გულედანმაც, რომელსაც პირველ ცდაზე 55.81 წამით 50-ე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი 56.20 წამით 36-ე ადგილზე გავიდა. ასევე 36-ე ადგილი ერგო ორივე დაშვების ჯამშიც.
სამწუხაროდ არ გაუმართლათ იასონ ვეზდენს და გიორგი ჯაფარიძეს. მათ შორის პირველმა პირველი ცდა ვერ დაასრულა, მეორემ - მეორე ცდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ცდაზე, 87 მოთხილამურიდან 34-მა ვერ დაასრულა ასპარეზობა ოთხი კი სტარტზე არ გავიდა. მეორე დაშვებისას ვერ დაასრულა შეჯიბრი 19-მა მოთხილამურემ.