საქართველო ბიათლონში და სამთო თხილამურობაში ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი

ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ბიათლონსა და სამთო თხილამურობაში საქართველო ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ბიათლონში (სპრინტი 7,5 კმ) იასპარეზა შიო ქუჩუკიანმა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 62-ე შედეგი (1:03:49.9) აჩვენა.
შიო ქუჩუკიანმა ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს 12,5 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლაშიც იასპარეზა და 64-ე ადგილზე გავიდა.
შემდეგ სლალომის სტარტზე ვიხილეთ სამთო მოთხილამურე ნელი უსტიმენკო. საქართველოს წარმომადგენელმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 1:07.24 წუთში გადაკვეთა და 49-ე ადგილი ერგო. გასათვალისწინებელია, რომ სტარტზე 71 მოთხილამურე გავიდა და აქედან 21-მა შეჯიბრება ვერ დაასრულა. სამწუხაროდ, მეორე დაშვებისას მათ რიგებს შეუერთდა უსტიმენკოც, რომელმაც ტრასის საწყის მონაკვეთში შეცდომა დაუშვა და ბრძოლას გამოეთიშა.
დღესვე სლალომში უნდა ეასპარეზა ანასტასია მირიანაშვილს, მაგრამ ქართველი სპორტსმენი ტრავმის გამო სტარტზე ვერ გამოცხადდა.