დავით ციმაკურიძე - 100
28 მარტს, სეოკ-ის ინიციატივით, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ლეგენდარული მოჭიდავის შესახებ ისაუბრა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა: „ჩვენი სპორტის ოლიმპიური წარმატებების ისტორია სწორედ დავით ციმაკურიძის გამარჯვებით იწყება. მან შორეულ 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ღირესულად წარმოადგინა ჭიდაობის ქართული სკოლა და ოქროს მედლით დაბრუნდა საქართველოში. იმავე ოლიმპიადაზე, მაშინდელი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ჩვენმა კიდევ ორმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება, მთლიანობაში კი სულ ცხრა მედალოსანი გვყავდა. ამათ შორის პირველი იყო დავით ციმაკურიძე, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ოლიმპიზმის ისტორიაში."
ასევე სიტყვით გამოვიდნენ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გურამ ძაგანია, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, დამსახურებული სპორტული ჟურნალისტები - თენგიზ გაჩეჩილაძე და არჩილ გოგელია, სპორტულ ჟრნალისტტთა ასოციაციიის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი, დავით ციმაკურიძის შვილიშვილი დავით ციმაკურიძე.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა თამარ ბალავაძის სატელევიზიო ფილმი დავით ციმაკურიძეზე.
დავით ციმაკურიძე დაიბადა1925 წლის 29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის , სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი მოჭიდავეები, დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.