ჯონი ხეცურიანმა და გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

ბრატისლავაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით გაიზარდა. ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა 67 და 82 კილოგრამ წონითი კატეგორიები.
ევროპის წინა ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ჯონი ხეცურიანმა (67 კგ), ამჯერად ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქი მურატ ფირატი 3-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ასეთივე შედეგს მიაღწია ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა გელა ბოლქვაძემ (82 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სამველ გრიგორიანს 3-1 მოუგო.
ერთი დღით ადრე რამაზ ზოიძემ (77 კგ) და ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.