რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია - რეზი დავითაძემ (96 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მედლები მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა დავითაძემ კიშინიოვის ფიცარნაგზე ატაცში 174 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა აკვრაში, სადაც 205 კილოგრამი დაიმორჩილა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 379 კილოგრამითაც.
ამავე წონაში იასპარეზა ირაკლი გობეჯიშვილმაც, რომელიც ორჭიდის ჯამში 360 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა.
დღის პირველ ნახევარში ფიცარნაგზე გავიდა ნათია გადელია (81 კგ). საქართველოს ქალთა ნაკრების წარმომადგენელმა ორჭიდის ჯამში (223 კგ) მერვე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.