9 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

21 აპრილი 2025

ძალოსნობაში კიშინიოვის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შეემატა.

ბაქარ თურმანიძემ (+109 კგ) ატაცში 183 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ქართველი მძიმეწონოსანი საპრიზო ადგილთან ახლოს იყო აკვრასა (219 კგ) და ორჭიდშიც (409 კგ), მაგრამ ნაბიჯი დააკლდა და ჯამურად მეოთხე ადგილები დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ბაქარ თურმანიძისთვის კონტინენტის პირველობაზე  მოპოვებული ბრინჯაოს მედალი კარიერის საუკეთესო შედეგია.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 9 მედალს მოუყარა თავი. მათ შორის, ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა რამინ შამილიშვილი (55 კგ), გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) და რეზი დავითაძემ (96 კგ) კი ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. გარდა ამისა, ქართველმა ძალოსნებმა გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს.

მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია - ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) დროშა გადაეცა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ლაშა ტალახაძეს, როგორც ევროპის ჩემპიონატის მომავალ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს. 2026 წელს კონტინენტის პირველობას ბათუმი უმასპინძლებს.