ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე

საქართველოს ველოსპორტის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე - ,,PO ZIEMI ZAMOJSKIEJ და ,,პოლონეთის თასზე" (Międzynarodowy Puchar Polski w kolarstwie szosowym 2025 - WYŚCIG WSPÓLNY) - იასპარეზა და წარმატებასაც მიაღწია.
125 კმ დისტანციაზე რბოლაში ქართველმა ველოსპორტსმენმა მიხეილ ხუჭუამ 53 მონაწილეს შორის მესამე შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ჯგუფურ რბოლაში, სადაც 71 სპორტსმენი გამოდიოდა, დავით ხელაშვილმა მე-11 ადგილზე დაასრულა დისტანცია, ხოლო 18 კმ-ზე ინდივიდუალურ რბოლაში გიორგი გაბრიჭიძე ფინიშთან მე-14 იყო.
რაც შეეხება ,,პოლონეთის თასს," აქ 88 სპორტსმენმა იასპარეზა. რბოლაში დაწინაურებულ 10 მონაწილეს შორის 2 ქართველი იყო - მიხეილ ხუჭუა და გიორგი გაბრიჭიძე. საბოლოოდ, მიხეილ ხუჭუამ ფინიშის ხაზი მესამე შედეგით გადაკვეთა და აქაც შეძლო მედლის მოპოვება.