ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

16 ივნისი 2025

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე. 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ტატო გრიგალაშვილმა მისთვის ზედიზედ მეხუთე ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწია.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება. ვაზარით მოუგო თურქეთის წარმომადგენელ  ვედატ ალბაირაკს. წმინდა გამარჯვება მოიპოვა ბულგარელ გეორგი გარამატიკოვათან. რთული შეხვედრა გამოუვიდა ბელგიელ მატიას კასესთან, ვისთანაც დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა და მეტოქის სამი გაფრთხილების ხარჯზე ქართველის გამარჯვებით დასრულდა. გრიგალაშვილმა ორი იუკოთი გადალახა აზერბაიჯანელ ზელიმ ტკაევთან ნახევარფინალური დაპირისპირება, რამაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მისთვის ზედიზედ მეხუთე ფინალში გაიყვანა. სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილითვის ოქროს მედლისთვის შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა - IJF-ის დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან ოქროს ქულამდე გაგრძელებულ დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა. შედეგად ქართველმა კარიერაში მეორედ მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს არბუზოვი 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰყავდა დამარცხებული.

ერთ დღით ადრე ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ქალთა ნაკრების წარმომადგენელმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).