ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეც შედეგიანი გამოდგა. ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერის მეოთხე მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატების ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში პირველი წრიდან ჩაება. ვაზარით მოუგო აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს. იუკო იკმარა იტალიელ კრისტიან პარლატისთან. მერვედფინალში ვაზარით გაიმარჯვა ჩეხ დავიდ კლამერტთან. ასევე ვაზარით გაიარა ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულადის მეოთხედფინალური წინაღობა, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევარფინალში იპონით დამარცხდა იაპონელ სანშირო მურაოსთან. იაპონელთან წაგების შემდეგ მაისურაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. ქართველმა ძიუდოისტმა ასეთი შესაძლებლობა წარმატებით გამოიყენა იტალიელ კენი კომი ბედელთან, ვისთანაც ჯერ იუკოთი დაწინაურდა, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთისა და ათი წამით ადრე კი იპონით გაიმარჯვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზეც ავიდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მესამე დღეს, ისტორიული ოქროს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), მეოთხე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ).