გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირად პირველობაში ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლით დაასრულა. მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მისთვის მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში სლოვაკი მარიუს ფიზელი ორი ვაზარით დაამარცხა. შემდეგ ოქროს ქულამდე გაგრძელებული შეხვედრაში გერმანელ ლოსენი კონესთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ასევე წმინდა გამარჯვებით გადალახა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურის წინაღობა. ოქროს ქულამდე გაგრძელდა შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კორეელ კიმ მინიონთან, ვისაც ასევე იპონით მოუგო და შარშანდელ ფინალში მასთან დამარცხებისთვის რევანში აიღო.
ქართველი მძიმეწონოსანი მისთვის მესამე ფინალში IJF-ის დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და იუკოთიც დაწინაურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო წუთზე მეტოქესთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მესამე დღეს, ისტორიული ოქროს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), მეოთხე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), მეხუთე დღეს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ).
შედეგად საქართველოს ნაკრებმა ქალთა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ასევე მეოთხე ადგილი დაიკავეს ვაჟებმა და ქალებმა.