ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

20 ივნისი 2025

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა.

შერეულ გუნდურში მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი საქართველოს ნაკრები ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა. ჩვენმა გუნდმა (ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი, ლაშა ბექაური, მიხეილ ბახბახაშვილი, გურამ თუშიშვილი) პირველ შეხვედრაში ჩინეთი დაამარცხა 4:1, შემდეგ იტალიას მოუგო 4:0, ნახევარფინალში კი უცვლელ ჩემპიონს, შვიდგზის ტრიუმფატორ იაპონიას გაუმკლავდა 4:2 და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კორეის ნაკრებთან იასპარეზა რომელმაც იქამდე გერმანია და საფრანგეთი დაამარცხა.

გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა, კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურში გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

შერეულ გუნდურ შეჯიბრებამდე საქართველოს ნაკრებმა პირად პირველობაში ოთხი მედალი მოიპოვა. მათ შორის, ისტორიული ოქროს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ვერცხლის მედლით დაასრულეს გამოსვლა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (-90 ).

ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ- ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს ჩვენმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც ახალი და მნიშვნელოვანი გამარჯვებით გაამდიდრეს ქართული სპორტის ისტორია. დღეს ჩვენმა ნაკრებმა გმირული ბრძოლის ნამდვილი მაგალითი გვიჩვენა. დღეს ბუდაპეშტში ჩვენ ვიხილეთ, ყველაფერი, რის გამოც გვიყვარს სპორტი: დიდი ოსტატობა, თავდადება, აზარტი, ბრძოლა შესაძლებლობის ზღვარზე, თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობა თანაგუნდელისა და გულშემატკივრის წინაშე. სწორედ ამან შეგვაძლებინა, რომ დავამარცხეთ პლანეტის უძლიერესი გუნდები და თავად გავხდით უძლიერესები. და ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც ტარდება შერეული გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი. ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ჩვენი ძიუდოისტი გოგონები ტოლს არ უდებენ თანაგუნდელ ვაჟებს. ბუდაპეშტში ცხადად გამოჩნდა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდურადაც გვექნება მედლის მოპოვების შანსი".