IOC-ის სპორტსმენთა კომისია და WADA-ს სპორტსმენთა საბჭო ღალატს უწოდებს სტეროიდის თამაშების ჩატარებას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპორტსმენთა კომისია და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) სპორტსმენთა საბჭო ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, სადაც Enhanced Games-ის (სტეროიდის თამაშები) ჩატარებას სპორტსმენთა ღალატი უწოდეს.
ისტორიაში პირველად თამაშები, სადაც დოპინგის გამოყენება ოფიციალურად იქნება დაშვებული, 2026 წლის 23-25 მაისს, ლას ვეგასში უნდა გააიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ყოველწლიურად ჩატარდება. თამაშებში მონაწილეობა შეეძლებათ არა მხოლოდ პროფესიონალებს, არამედ მოყვარულებსაც, მათ შორის - ყოფილ და მოქმედ სპორტსმენებს.
„მიგვაჩნია, რომ სტეროიდის თამაშები და ნებისმიერი შეჯიბრება, რომელიც მხარს უჭერს ნივთიერებებით და მეთოდებით შედეგებზე ზემოქმედებას, არის ყოველივე იმის ღალატი, რასაც ვიცავთ. ასეთი შეჯიბრებები ძირს უთხრის სპორტის ერთიანობას და პასუხისმგებლობას, რომლის მატარებელიც არის სპორტსმენი, როგორც საზოგადოების სანიმუშო წევრი.
ნივთიერებებით და მეთოდებით შედეგებზე ზემოქმედების წინ წამოწევა სახიფათო გზავნილია, განსაკუთრებით სპორტსმენთა ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის. ამგვარ ნივთიერებებს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები ჯანმრთელობაზე, მათ შორის - ფატალურიც. მათი გამოყენებით სპორტსმენების წახალისება არის უპასუხისმგებლობა და ამორალურობა. არანაირი სპორტული შედეგი ამად არ ღირს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.