კირსტი ქოვენთრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა

ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ზიმბაბველი კირსტი ქოვენთრი ოფიციალურად შეუდგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ორშაბათს გაიმართა საზეიმო ცერემონია, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეცხრე პრეზიდენტმა, გერმანელმა თომას ბახმა, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ედგა სათავეში, საკუთარი უფლებამოსილება კირსტი ქოვენთრის გადაულოცა.
"დღეს, ჩვენი ნათელი მომავლის რწმენის დღეა. ჩვენი ერთობის ძალა ჩვენს მრავლაფეროვნებაში, ოლიმპიურ ღირებულებებში, ოლიმპიური მოძრაობის აქტუალობაშია. ვხედავ ერთობას ახალი ლიდერის ხელმძღვანელობით და ამიტომაც დარწმუნებული ვარ ხვალინდელ დღეში. ვშლით ახალ გვერდს, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით და გაჯერებულია ახალი ენერგიით.
დღეს ვდგავარ რა თქვენს წინაშე, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გავიღე ოლიმპიური მოძრაობისთვის. ეს გრძნობა ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის უფლებას მაძლევს. ახლა ისტორიის დაწერას გააგრძელებს ქალბატონი კირსტი ქოვენთრი.
ბოლო თვეების განმავლობაში არჩეულ პრეზიდენტთან ვმუშაობდი. ძალაუფლების გადაცემა იქნება პატივისცემით განმსჭვალული და შორსმჭვრეტელური. ოლიმპიელი ესტაფეტას გადასცემს ოლიმპიელს," - განაცხადა ფარიკაობაში მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და IOC-ის მეცხრე პრეზიდენტმა თომას ბახმა.
ქოვენთრი IOC-ის მეათე და პირველ ქალ პრეზიდენტად 20 მარტს, ორგანიზაციის 144-ე სესიაზე, რვაწლიანი ვადით აირჩიეს.
41 წლის ზიმბაბველი 2018-2021 წლებში IOC-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარის რანგში აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2023 წლიდან IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ინდივიდუალური წევრი გახლდათ.